ზუგდიდში, დევნილთა საერთო სახოვრებლის ნგრევაზე ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შენობის ავარიულობის შესახებ მერიას არაერთხელ აცნობეს.
აქვე გეტყვით, რომ ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის ბავშვი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ძირითადი კვლევები ჩაუტარდა, არ აქვს მოტეხილობა ან სისხლჩაქცევა. ამჟამად თავის კომპიუტერული კვლევა მიმდინარეობს. მთავარი ექიმის, სულახნ ორჟონიას, განცახდებით, ბავშვი კონტაქტურია.
"უგონოდ არ ყოფილა, გადარჩა... 6 ოჯახი ვცხოვრობთ აქ. გასული ვიყავი და რომ დამირეკეს, ჩამოინგრაო, წამოვედი კივილით", - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
მომხდარზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც გაავრცელა:
"ზუგდიდში მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება"
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.