პურის ხარისხის კონტროლი არავის ევალება - შავი პურის წარმოების "შავი" გზები საქართველოში

გამოქვეყნდა:

რამდენად ხარისხიანი პური იყიდება ქართულ ბაზარზე? - როდესაც ყოველდღიურ კვებაში ნაკლებია ხორცი, თევზეული, ბოსტნეული და რძის ნაწარმი, ორგანიზმს საჭირო მიკროელემენტები აკლდება და იფიტება. მათ შევსებას ადამიანი ყველაზე იაფი საკვებით, პურით ცდილობს. მეორე საკითხია, რამდენად ხარისხიან პურს ვჭამთ დღეს.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ხშირად წერენ, რომ შავი პურის ყიდვისას შიგნით გაურკვეველი ფერის მასა ხვდებათ.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე დიდი ხანია ბაზარზე საკვები პროდუქტების ხარისხს აკვირდება. მან ლაბორატორიული კვლევისთვის გერმანიაში რამდენიმე სახეობის შავი პურის ნიმუშიც გააგზავნა.

სტანდარტი იმისა, კომპანიამ რამდენი საფუარი ან რამდენი საკვები დანამატები შეიძლება იხმაროს პურის გამოცხობის დროს, არ არსებობს. რაც შეეხება პურის ხარისხის კონტროლს, ის არავის ევალება, რეგულირდება მხოლოდ პურის უვნებლობა, ხოლო ხარისხის შემოწმება ნებაყოფლობითია.

დღეს საქართველოში რუხი და ეგრეთ წოდებული „შავი პურის”  წარმოება თითქმის თეთრი პურისას უტოლდება. გვაქვს თუ არა ბაზარზე ჭვავის პურისთვის იმდენი ნედლეული რამდენი პროდუქტიც იწარმოება - ამის მონაცემები არც სტატისტიკის და არც საბაჟო სამსახურის დეკლარაციაში არ ჩანს.

რუხი და ჭვავის პურის წარმოება საქართველოში მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, რადგან ამ სახეობის ფქვილის წარმოება საქართველოში არ გვაქვს. ერთერთი მსხვილი პურის საწარმო „ლიტვური საცხობი“ რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობისა და მრავალი სახეობის რუხ პურს ყიდის დღეს ბაზარზე, მთლიანად იმპორტულ ნედლეულს მოიხმარს.

ერთ-ერთ პურპროდუქტების საწარმოში გვითხრეს, რომ მხოლოდ ხორბლისგან დამზადებული სახეობის თეთრ პურს ყიდიან და რუხი პურის წარმოებაზე საერთოდ უარი თქვეს. რადგან ზუსტად იციან, რომ დანამატების გარეშე მისი გამოცხობა შეუძლებელია.

მაშ რითი მზადდება ასეთი რაოდენობის რუხი და ეგრეთ წოდებული შავი პურის პროდუქცია დღეს საქართველოში, თუ კი ადგილობრივი ნედლეული არ გვაქვს და იმპორტზე მხოლოდ ერთეული კომპანიები მუშაობენ. ამ საკითხით სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება რამდენიმე წლის წინაც დაინტერესდა

სიტუაცია ამ ხნის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა, რადგან კანონი დღესაც მხოლოდ იმპორტირებული ან ადგილობრივ წისქვილკომბინატებში წარმოებული ფქვილის ხარისხს აკონტროლებს, ხოლო ამ ფქვილისგან დამზადებული პროდუქცია რაიმე სახის ტექნიკურ რეგლამენტს არ ექვემდებარება.

დღეს საქართველოში 2300-მდე დიდი თუ პატარა პურის საწარმოა რეგისტრირებული. დიდი კომპანიების უმრავლესობა საკუთარ ლაბორატორიებსაც ფლობენ და ისევ თავისი სურვილით ახერხებენ, რომ აკონტროლონ მათი პროდუქციის ხარისხი. რა ხდება პატარა საცხობებში და რამდენად ჰყოფნის სურსათის უვნებლობის სააგენტოს რესურსი ამდენი რაოდენობის საწარმოს გაკონტროლებას, უცნობია, ამის შემმოწმებელი ქვეყანაში სხვა არავინ არსებობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი