მილიონ ლარამდე ღირებულების ავტომანქანები ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიას მფლობელობაშია.
მეუფე საბა არ მალავს, რომ ბოლო იუბილეზე ორი ავტომანქანა მანქანა აჩუქეს. მას ყველა ნაჩუქარ ავტომობილზე ერთი სერია აქვს - MX SS, რაც, სავარაუდოდ, ასე იშიფრება: "მეუფე ხონისა და სამტრდიისა საბა". ნომრები კი, მანქანების რაოდენობის მიხედვით - 001 დან 007-ის ჩათვლით იზრდება.
"ამ შესაძლებლობას გაძლევს ღმერთი... მე ვერ ვიტყვი, საიდან მოდის, მაგრამ მოდის - ღმერთი იძლევა. დაიძინებ, გაიღვიძებ, დაიძინებ - არაფერი გაქვს, გაიღვიძებ და - უცებ, ვიღაცა მოდის...", - ამბობს მიტროპოლიტი.
მეუფე საბას თქმით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მოდესლსა და იმას, თუ რომელი წლის გამოშვებაა მანქანა.
"მოდელს რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ემბლემაზე ვზივარ, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთაში ვივლი, ბარში ვივლი თუ სად ვივლი, წყლის ქვემოთ ვივლი - რა მნიშვნელობა აქვს? ეს სამხიდიანია, ორხიდიანია, ერთხიდიანია, 99-იანია თუ 79-იანია - რა მნიშვნელობა აქვს?", - კითხულობს მეუფე საბა.
ხონსა და სამტრედიაში ღიად საუბარს ყველა ერიდება, კამერის მიღმა და საიდუმლოდ კი ბევრი ამბობს, რომ ეს "ვიღაც" ან ბიზნესმენია, ან კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებთანაც მეუფეს ახლო მეგობრობა თუ არა, ურთიერთობა აქვს. იმასაც ამბობენ, რომ მერსედესის მარკის მანქანა, CLS მოდელი, ერთერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა აჩუქა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ეს ავტორიტეტი ხონელი ე.წ. კანონიერი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი - იგივე ჯემალ ხონსკია, რომელიც ახლა თურქეთში ცხოვრობს. ავტომობილი 2019 წლის გამოშვებისაა, ცენტრიდანაა გამოყვანილი და მისი ღირებულება, არც მეტი არც ნაკლები, 112 ათასი დოლარია.
სრულად რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ აქ