არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ნამახვანჰესთან დაკავშირებით. მესამე სექტორი თვლის, რომ პროტესტი, რომელიც უკვე 100 დღეა რიონის ხეობაში მიმდინარეობს სამართლიანი და კონსტიტუციურია
განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები. გარდა ამისა, კომპანია ,,ენკა რინიუებლზმა“ არ ჩაატარა და სამინისტროს არ წარუდგინა კანონით გათვალისწინებული, სავალდებულო კვლევები.
ხელმომწერი ორგანიზაციები ითხოვენ:
- 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ არ დაუშვან „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების (მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების) წარმოება მანამ, სანამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ იქნება შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები.
- 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააბრუნოს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოს პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა:“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მე-17 მუხლის თანახმად, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მე-12 მუხლით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება და საჯარო განხილვების ორგანიზება პროექტის განხორციელების ადგილზე.
- 3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა და რეალიზება.
განცხადება სრულად
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ადგილობრივებმა წუხელ უკვე მე-100 ღამე გაათიეს.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია 30 იანვარს პოლიციამ დაარბია