ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო სკოლის მოსწავლეებს დასუფთავებინა, ამბობს, რომ დანაშაულს არ გრძნობს.
"ისევ იგივეს გავაკეთებდი... გიჟად შერაცხვა ჩემთვის ახალი არ არის, სულ კარგად იყავით, გიჟი თავისუფალია. ფოიე ტუალეტი იყო, სადაც მხოლოდ ნიჟარაა, დაასხეს სითხე და ამაზე თამაშობდნენ. გასაწმენდი იქ არაფერი არ იყო, დაპრიალებული იყო ყველაფერი. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ არ შევუთანხმდი ხელმძღვანელობას", - ამბობს ჯაფარიძე.
თავის მხრივ, მოსახლეობისა და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ინფორმაცია, რომ სკოლის მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, სოციალურ ქსელში გაავრცელეს და მოგვიანებით ის ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრმაც დაადასტურა. შსს-მ კი გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.