
ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური აქტიურობა სულ უფრო დაბალ დონეზეა, ფასების ზრდა კი შეუჩერებლად გრძელდება. ეკონომისტების კრიტიკის ობიექტი კვლავ "ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა და ის შეცდომებია, რომლებზეც ექსპერტები წლებია მიუთითებენ.
საქსტატმა 2021 წლის იანვრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტის თანახმად, გასული თვის მდგომარეობით საქართველოში ფასები 3%-მდეა გაზრდილი.
ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა - 27%-ზე მეტით, 12%-ით მოიმატა ფასმა ყავასა და ჩაიზე; შაქარსა და ტკბილეულის ფასი თითიქმის 9%-ით, პურ-პროდუქტები კი 7%-ით გაძვირდა.
ეკონომიკის ექსპერტები უარეს შედეგებს ელოდებიან, არ გამორიხავენ, რომ პროდუქტზე ფასების ზრდა სამომავლოდაც გაგრძელდება. ხელისუფლების უმოქმედობაზე კი, მათ გარდა, საუბრობენ ოპოზიციაშიც და კონკრეტული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ.
თავის რჩენის რა გზას სთავაზობს მთავრობა ხალხს და როგორ აპირებს ხელისუფლება სიღატაკიდან თავის დაღწევას მაშინ, როცა ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი მათ მიერვე დაწესებული შეზღუდვების გამო სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი - უცნობია.
ავტორი: ნინო გიგაური