შაბათიდან რესტორნები, ფიტნეს კლუბები და გასართობი ცენტრები იხსნებიან. ეს თვითნებური გადაწყვეტილებაა და როგორც ბიზნესმენები ხსნიან, მხოლოდ ამ გზით შეიძლება მათი ბიზნესის და 250 ათასი უმუშევრის გადარჩენა მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ბიზნესი რეგულაციებს მკაცრად დაიცავს.
ამ პროტესტს სამთავრობო ტრიბუნიდან მუქარით უპასუხეს - თუ ბიზნესი თვითნებურად მუშაობას შეუდგება, მაშინ სანქციები იქნება.
მეწარმეებმა კი ეკონომიკის მინისტრს ტონი დაუწუნეს და მუქარაზე ულტიმატუმით უპასუხეს, რასაც ჯანდაცვის მინისტრის შეცვლილი რიტორიკა მოჰყვა და ბიზნესმენებს ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან შემოსხდომა შესთავაზა.
მეწარმეების პასუხი კი უცვლელი რჩება, შაბათს გაიხსნებიან და სანქციების შემთხვევაში ქუჩაში გამოვლენ.
ახლა ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს - ან გახსნას სარესტორნო ბიზნესი, ფიტნეს კლუბები და გასართობი ცენტრები, ან ამბოხებული მეწარმეების პროტესტი მკაცრი სანქციებით ჩაახშოს და უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს მეწარმეები, რომლებიც უკვე დიდი ხანია გადასახადებს ვეღარ იხდიან.