ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „ბიზნეს-ონლაინთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და ის ბელგიის ნაკრების კაპიტანსა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, ედენ აზარს შეადარა.
"პირველი წვრთნის შემდეგ, რომელიც "რუბინთან" მქონდა, ჩემ თავს ვუთხარი: "არ ვიცი, გავვარდებით თუ არა, მაგრამ აქ ტყუილად არ ვარ, რადგან სწორედ აქ არის ხვიჩა კვარაცხელია". შემდეგში ეს აზრი მხოლოდ მიმტკიცდებოდა ხოლმე. რით გამოირჩევა ის სხვებისგან? შემოსაზღვრული არაეალი, ჭერი არა აქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასეთი ფეხბურთელის პოვნა", - ამბობს სლუცკი ინტერვიუში.
კითხვაზე პასუხად, ვის შეადარებდა სლუცკი ხვიჩა კვარაცხელიას იმ ფეხბურთელებიდან, ვინც გაუწვრთნია ან უნახავს მოედანზე, მან უპასუხა: "ედენ აზარს. მე ის არასდროს გამიწვრთნია, მაგრამ მაგრამ მახსოვს, "ლილიას" წინააღმდეგ არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის (ცესკა) თამაში, როცა აზარმა შემძრა".
მისივე თქმით, ხვიჩა კავარცხელია თვითნაბადი ტალანტია.
"ალბათ ყველას, ვისაც ჰქონია შეხება ტალანტთან, ჰგონია, რომ იმ ტალანტზე გადამწყვეტი გავლენა სწორედ მან იქონია. ხვიჩასთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ ეს გენეტიკა და სწორი ცხოვრებისეული მოწყობაა, რაც ასევე გენეტიკური მგონია, ვიდრე შეძენილი. რასაკვირველია, ბავშვობაში, მას ალბათ, ეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთი უნდა უყვარდეს და საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, მას უკვე მაშინ უყვარდა და მერეც, უბრალოდ, უყვარს ფეხბურთი", - თქვა "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა.
"ქართულმა წარმომავლობამ თავის ქნა? ჩვენ ხომ გვახსოვს გენიალური ფეხბურთელები ამ ქვეყნიდან..." - ჟურნალისტის ამ კითხვაზე ლეონიდ სლუცკი დადებითად პასუხობს.
"რასაკვირველია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთელ ფეხბურთელებზე, კავკასიის ქვეყნებზე, მაშინვე არასტანდარტულ დრიბლინგთან ჩნდება ასოციაცია: ასე აღვიქვამდით მათ, ასე გვახსენდება. რა თქმა უნდა, ხვიჩას ეროვნებამ დიდი ფაქტორი შეასრულა, ფეხბურთელად მის ჩამოყალიბებაში", - ამბობს სლუცკი.
ამავე ინტერვიუში ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ სწორად მოიქცა, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი ძირითად შემადგენლობაში დაუმკვიდრა, ხოლო შეკითხვაზე, გამოიყენებს თუ არა თავის გავლენას, რათა კვარაცხელია დაითანხმოს მეორე გუნდში შემდეგ სეზონზე დასარჩენადაც, სლუცკიმ უპასუხა, რომ ასე მოქცევას არ გეგმავს:
"არავითარ შემთხვევაში: მხეცებისთვის განკუთვნილი ვოლიერი მხეცის ზომას უნდა შეესაბამებოდეს. თუ დათვს ჩიტებისთვის განკუთვნილ გალიაში ჩასვამთ, ის იქ კომფორტულად ვერ იქნება. ამიტომაც, თუ მივიჩნიე, რომ ხვიჩამ ზრდაში "რუბინის" დონეს გაასწრო, მე მას ხელს არ შევუშლი".
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 2019 წლის 6 ივლისს, კვარაცხელიამ ხელი მოაწერა ხუთწლიან კონტრაქტს ყაზანის „რუბინთან“.
2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გალათასარაი“ მზად იყო, მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
2020 წელს კვარაცხელია ზედიზედ სამჯერ, გულშემატკივრებმა აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ხვიჩა კვარაცხელია 2020 წელს საქართველოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.