თბილისში, კონსტიტუციის 6 ნომერში არსებული ისტორიული შენობა თბილისის მერიამ და ეკონომიკის სამინისტრომ "ქართული ოცნების" აქტიურ შემომწირველსა და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენ თემურ უგულავას 1 ლარად გადასცა.
შენობა წლების განმავლობაში სპორტული სივრცე იყო და იქ 1 400 მოჭიდავე ყოველდღიურად ვარჯიშობდა.
ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ვეტერანი სპორტსმენები, ახალგაზრდები და სპორტის გულშემატკივრები დღეს სწორედ ამ ისტორიულ სივრცეში შეიკრიბნენ.
"დარბაზს ვერავინ წაგვართმევს, 82 წლის განმავლობაში ასეთი თავხედების პარადი არ მინახავს, მიტაცებაზეა ყველაფერი. არ გამოვა, მეგობრებო", - ამბობს ვეტერანი სპორტსმენი, გურამ საღარაძე.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, რომ სივრცე სავარჯიშოდ მოჭიდავეებს დარჩეთ.