მეხეილ მესხზე საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრა დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ნულოვანი ფრე აღინიშნა, მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში ვასილ ლობჟანიძემ ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვა კი ზუსტად შეასრულა აბჟანდაძემ, რის შემდეგაც ანგარიში 7:0 გახდა. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა, საჯარიმო დარტყმით, ანგარიში ათამდე გაზარდეს, მაგრამ რუსმა მორაგბეებმა ძალიან მოინდომეს, ამ მონდომებას კი ერთი ლელო და გარდასახვა მოჰყვა. ანგარიში 10:7 გახდა.
ბორჯღალოსნებმა ამის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს ანგარიში გაზარდეს: 13:7. ეს ანგარიში მატჩის მიწურულისკენ კარგა ხანს არ იცვლებოდა, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 16:7 გახდა.
ბოლო წუთებში რუსი მორაგბეები ძალიან გააქტიურდნენ და ფაქტობრივად, მათ საქართველოს ნაკრების ნახევარში ატარებდნენ, ზედიზედ ოთხი შეტევაც განახორციელეს, მაგრამ გიგაურის აქტიურობით, ამ შეტევების რეალიზება ვერ მოახერხეს და საბოლოდ, ანგარიშით 16:7 ქართველმა ბორჯღალოსნებმა გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ორჯერ გადაიდო, რუსეთს კი საქართველო 24-ედ უპირისპირდება.
ამ ურთიერშეხვედრების ისტორიაში საქართველო ყოველთვის უდიდეს უპირატესობას ფლობდა - ბორჯღალოსნებმა მეტოქე ზედიზედ 18 შეხვედრაში დაამარცხეს.
რაც შეეხება 7 თებერვლის შეხვედრას, რუსეთის ნაკრების შოტლანდიელი მწვრთნელი, ერთერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ "უკვე დროა, გამოწვევა გავუგზავნოთ ქართველ ბორჯღალოსნებს" და ამტკიცებდა, რომ რუსი მორაგბეები მოედანზე დამარცხების ფსიქოლოგიით გასვლას არ აპირებენ.