
ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლის ფონზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ გამორიცხავს. კობა გვენეტაძის თქმით, რეფინანსირების საკითხი პირდაპირ დამოკიდებული იქნება ინფლაციაზე. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი ყველა ბერკეტს იყენებს, რათა არსებული ინფლაცია, რომელმაც ოქტომბრის თვეში 6.9 % ნიშნულს მიაღწია, შეუქცევად პროცესად არ იქცეს.
ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრულად მიიღო ნაბიჯები იმისათვის, რომ არ მოხდეს ინფლაციის გრძელვადიან პერიოდში ზრდა და მოხდეს ინფლაციის დასტაბილურება. გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა 200 საბაზისო პუნქტით, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი, რამაც უნდა მოახდინოს გავლენა ინფლაციაზე. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია იმის თქმა, თუ რას გავაკეთებთ მომავალში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ინფლაცია და იქიდან გამომდინარე, თუ რა მაჩვენებლები გვექნება მას შემდეგ, რაც გვექნება შემდეგი, ან იმის შემდეგი მონეტარული პოლიტიკის სხდომები, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა გვენეტაძემ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტები სასიკეთო პროგნოზს ვერ აკეთებენ. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა კერძო ბანკებისთვის რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა, რადგან ეროვნული ვალუტის დასტაბილურების ვალდებულება ხელისუფლებამ სწორედ ქვეყნის მთავარ საფინანსო უწყებას გადააბარა.
ექსპერტები თვლიან, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ერთის მხრივ, მოსახლეობის ბიუჯეტს ურტყამს და მეორეს მხრივ, ეკონომიკის სტიმულირებას აფერხებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება და 7 პროცენტიან ნიშნულსაც გადასცდება.
1 ოქტომბრის მონაცემებით, 107 ათასზე მეტ ადამიანს აქვს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი, ამდენი სესხია გაცემული, შესაბამისად, მათ ავტომატურად უძვირდებათ ის სესხი, რომელიც უკვე აღებული აქვთ. ზოგი სესხი მეტად გაიზრდება, ზოგი - ნაკლებად, საშუალო შეწონილი გაიზრდება მთლიანობაში,“- განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.