ფონიჭალაში, არასრულწლოვნის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს, სახალხო დამცველი შეისწავლის

გამოქვეყნდა:

ფონიჭალაში მომხდარ, არასრულწლოვანის სავარაუდო ნიშნობის ფაქტს სახალხო დამცველი შეისწავლის.  ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. მისივე თქმით, სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

"აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ იძულებითი ქორწინების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ორივე არასრულწლოვანის მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

​მათი განცხადებით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და სახელმწიფო ორგანოები სათანადოდ მუშაობდნენ არასრულწლოვნების ქორწინების პრევენციაზე.

"ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ სტრუქტურები არ მუშაობენ კოორდინირებულად. მთელი ტვირთი უმეტესად შინაგან საქმეთა სამინისტროზეა გადატანილი, მაშინ როდესაც, შსს განათლების უწყების და სოციალური სამსახურის გარეშე ამაზე ვერ იმუშავებს. სამწუხაროდ, ანამ მძიმე შედეგი არ დადგება ხოლმე, მანამდე შედეგი არ გვაქვს. ეს არის სისხლის სამართალი დანაშაული, რასაც ძალიან მძიმე დარღვევები მოსდევს ამ შემთხვევას", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველების თქმით, ადრეული ქორწინების შემთხვევები ბოლო წლებში გახშირდა, რაც სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის ბრალია.

11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ, ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. შსს-მ გამოძიება 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ავტორი: ნანიკო სისვაძე

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი