
"დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომელიც ჟურნალისტს ხელს უშლის მის საქმიანობაში" - ასე აფასებენ სამოქალაქო სექტორში პარლამენტის უსამართლო გადაწყვეტილებას, სანქცია დაადოს მთავარი არხის ერთ კონკრეტულ ჟურნალისტს. მათივე განცხადებით, ჟურნალისტს აქვს გამოხატვის თავისუფლება და თუ ეს გახდა პარლამეტში არ შეშვების საფუძველი, ცალსახად მიუღებელია.
"კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა რაღაც შეზღუდვები დაწესდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და გათვალისწინებული უნდა იყოს, ხომ არ შეეშლება მედიას ხელი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. მარიამის შემთხვევაში, ჟურნალისტს არ მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა თავისი პროფესიული საქმიანობა, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა მამუკა ანდღულაძემ.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძეს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ქართული ოცნების გუნდის წევრებს კი უჭირთ გააკეთონ განმარტება, თუ რატომ არ შეუშვეს მთავარი არხის ჟურნალისტი საკანონმდებლო ორგანოში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტ მარიამ გეგუჩაძეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე ეთქვა უარი, მიზეზად კი გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დასახელდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და შეწყვიტოს მისი დისკრიმინაცია.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი