საქართველოს პარლამენტმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გადაცემა "თქვენი ხმის" წამყვანს, მარიამ გეგუჩაძეს პარლამენტში შესვლაზე უარი უთხრა. საკითხი პირადად თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაწყვიტა, საკანონმდებლო ორგანო უარს ამბობს გეგუჩაძის შენობაში შესვლაზე, რადგან ის აქტივისტია.

მარიამ გეგუჩაძე თავს დისკრიმინირებულად თვლის და ამბობს, რომ პარლამენტმა მისი უფლებები დაარღვია. მას სურდა დღეს, ოთხშაბათს დეპუტატებისგან დევნილების თემაზე კითხვებზე პასუხი მიეღო. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ თუ რამე პრეტენზია არსებობს მარეგულირებელ ორგანოს უნდა მივმართოთ.

"ჩემმა ერთ-ერთმა რესპოდენტმა დამაბარა კითხვა - გაძლებდნენ თუ არა პარლამენტის წევრები 45 ლარზე თვეში, ისე, როგორც მას უწევს, რადგან მისი დახმარება როგორც დევნილისთვის ესაა. ამ კითხვის დასასმელად მინდოდა პარლამენტში შესვლა. მათი პასუხი იყო პირდაპირი, რომ ჩემი სამოქალაქო აქტიურობის გამო, იმიტომ, რომ ვარ აქტივისტი, არ შემიშვებდნენ პარლამენტში, თითქოს შეიძლებოდა იქ მომეწყო ფლეშმობი", - ამბობს მარიამ გეგუჩაძე. 

"მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტი ჟურნალისტია იმის მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებისა, ასაკისა თუ სხვა რაიმე კუთვნილებისა. 

ამ თემაზე განცხადება გაავრცელა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც, რომელმაც მოუწოდა არჩილ თალაკვაძეს, პატივი სცეს ჟურნალისტის საქმიანობას და შეწყვიტოს დისკრიმინაციული მიდგომა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი