
გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი პრემიერის განცხადებას კრიტიკულად ეხმაურება. გიორგი გახარიას ნათქვამი - ყველას მოგაკითხავთ, ბიზნესმა თითის დაქნევად მიიღო. ამბობენ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადაბარებას ცდილობს.
გაკოტრების ზღვარზე მყოფი კომპანიების დასახმარებლად არაფერს აკეთებს და უფრო მეტის, სურს უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების გასაჭირი დამსაქმებელს დააბრალოს, რომელმაც თანამშრომელი მხოლოდ იმ მიზეზით გაუშვა სახლში, რომ მას მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა.
დაპაუზებული ეკონომიკის ფონზე ხელისუფლება მხოლოდ დირექტივებს იძლევა. ბიზნესმენებმა უარი მიიღეს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადავადებაზეც და ინტერნეტ ვაჭრობის დასაშვებობაზე. მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ხელისუფლებას ურჩევენ საკუთარი საქმე აკეთონ და საქმის კეთების შესაძლებლობა ბიზნესსაც მისცენ.
ოპონენტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეცვალოს რიტორიკა, წარადგინოს კონკრეტული გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩერებულ ბიზნესს და ჩამონგრეულ ქვეყნის ეკონომიკას მიიღებს.
განმარტებები დღეს მთავერობის მეთაურს აღარ გაუკეთებია. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა და თქვა, რომ გიორგი გახარიამ მიუთითა იმათ, ვისაც საკუთარი თანამშრომლების შენახვის შესაძლებლობა აქვთ.
მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაფერი თვეზე მეტია გაჩერდა, 10 ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი მხოლოდ დღეს შეიქმნა, რომლის ამოცანაც ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა.