რუსთაველი მძღოლების საპროტესტო აქციაზე ევაკუატორები და გუბერნატორი ერთად გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

რუსთავის ავტობანზე, რომელიც ადგილობრივმა მძღოლებმა საწვავის გაძვირებისადმი თავიანთი პროტესტის გამოსახატავად გადაკეტეს, შსს-ს ევაკუატორები და მხარის გუბერნატორი თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ.

"გვატყუებდნენ, გაწელეს დრო, რომ ხელისუფლება მოვიდოდა და დაგველაპარაკებოდა, მაგრამ აი, ევაკუატორები მოიყვანეს, რომ თუ გზას გადავკეტავთ, ძალა გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქცია უკვე ორ საათზე მეტია, გრძელდება. რუსთავის ავტობანის გადაკეტვის შემდეგ მძღოლებმა პირობა მიიღეს, რომ მათთან მოსალაპარაკებლად ხელისუფლების წარმომადგენელი მოვიდოდა, რის შემდეგაც მათ გზა გახსნეს, თუმცა, ადგილზე დარჩნენ და აქცია გააგრძელეს, რუსთაველებს კი აქციის შეერთებისკენ მოუწოდებდნენ. 

ადგილზე მისულმა გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა აქციის მონაწილეებს შესთავაზა, ადმინისტრაციის შენობაში გადასულიყვნენ და საუბარი იქ გაეგრძელებინათ.

"მოვედი დასალაპარაკებლად, ადამიანურად. ვერ მივიღებ პრეტენზიას, რომ წინა აქციაზე არ ვიყავი - არ გამიგია მაშინ მოთხოვნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოვიდესო. აი, დღეს გავიგე, რომ შეხვედრა გინდათ და მოვედი", - უთხრა მათ გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

მედიასთან საუბარში მან დააკონკრეტა, რომ გაეცნობა მოთხოვნებს და მათ შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას შეატყობინებს. 

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ.

შეგახსენებთ, საწვავი 15 თეთრით გაძვირდა. ფასის მატებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უკვე მოჰყვა მასშტაბური აქციები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი