ეკონომიკის მინისტრ, ნათია თურნავასგან განსხვავებით, კომპანია Wizz Air საქართველოდან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. უნგრული ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ანდრას რადომ, "მთავარი არხის" კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფრენების აღდგენას გამორიცხავს.
Wizz Air ადასტურებს, რომ განაცხადი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენეზე ნებართვების მოსაპოვებლად 2021 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე, რომელიც 2021 წლის 28 მარტს იწყება. საუბარია 20 მიმართულებაზე, კვირაში 45 სიხშირით, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია, დაიწყება თუ არა ფრენები, არ აქვთ.
"Wizz Air განაახლებს ფრენებს საქართველოდან, როგორც კი რეგულაციები და შეზღუდვები ამის შესაძლებლობას მისცემს და ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა იქნება. ამ ეტაპზე ძალიან ადრეა კომენტარის გაკეთება ფრენების განახლების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით და ამ საკითხზე სპეკულაციას არ დავიწყებდით, რადგან სიტუაცია ძალიან მერყევია ყველა ბაზარზე", - თქვა ანდრას რადომ.
მან აღნიშნა, რომ Wizz Air ფრენები დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან მას შემდეგ, რაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მისცემთ. მისივე განცხადებით, ფრენების აღდგენის შემდეგ ბილეთის ფასები, სავარაუდოდ, არ გაიზრდება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით კი, Wizz Air-ი მარტის ბოლოდან აღადგენს ფრენებს ქუთაისის აეროპორტში.