"მთავარი არხის" ოპერატორი კლინიკაში გადაიყვანეს - დაპირისპირება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

დაპირისპირების დროს, რომელიც წერეთლის გამზირზე, ექსპო ჯორჯიაში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად მიმდინარეობს, "მთავარი არხის" ოპერატორი პაატა გრიშიკაშვილი და რამდენიმე მორაგბზე დაშავდნენ.

"მთავარი არხის" ოპერატორი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა - მას ფეხი აქვს დაზიანებული, თუმცა, მიმდინარე პროცესის გაშუქებაზე მუშაობა ბოლო დრომდე არ შეუწყვეტია. 

"მე ძალიან დიდი რაოდენობის ხალხიდან მომიწია ჩვენი ოპერატორის გამოყვანა, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა", - ამბობს "მთავარის" ჟურნალისტი დავით ერაძე. 

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც კომენტარი გააკეთა:

"ამ ეტაპისთვის მშვიდი ვითარებაა, იყო გარკვეული დაპირისპირება, რომელიც სამართალდამცველებმა აღკვეთეს", - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა. 

ადგილზეა ასევე იოსებ ტყემალაძე, რომელსაც ექსპო ჯორჯიაში ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად მოსული მორაგბეები "იოსებ ბაღაფშად" მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას არ აღიარებენ. ისინი ამბობენ, რომ იოსებ ტყემალაძის ერთადერთი "დამსახურება" ისაა, რომ ის ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. 

"მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის, აქ არიან შეკრებილი ჩემი მეგობრები, მორაგბეები, ძალიან გთხოვთ, სიბინძურეს ნუ გაავრცელებთ", - მიმართა იოსებ ტყემალაძემ "მთავარის" ჟურნალისტს. 

აღსანიშნავია, რომ სახელისუფლო კანდიდატი ყრილობაზე პოლიციის კორდონით მიიყვანეს. 

რაც შეეხება ირაკლი აბუსერიძეს, რომლის კანდიდატურა რაგბის კავშირის პრეზიდენტად საჯარო რეესტრმა ორჯერ დაახარვეზა, ის ამბობს, რომ პოლიციის დიდი რაოდენობით მობილიზება, რაც დღეს ექსპო ჯორჯიის პავილიონთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად ხდება, სამარცხვინოა. 

შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება პავილიონთან შეკრებილებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ვეტერანმა მორაგბეებმა ყრილობაზე შესვლა სცადეს, ამის საშუალება კი ორგანიზატორებმა და სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

შეგახსენებთ, რომ ექსპო ჯორჯიასთან შეკრებილი გაურკვეველი ჯგუფის ადამიანები ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსაც დაემუქრნენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი