რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული იოსებ ტყემალაძე პირველ კომენტარს აკეთებს ოლიგარქის ოჯახთან მისი ურთიერთობის თემაზე და ამბობს, რომ ივანიშვილთან მისი ურთიერთობა გახსნილია.
"თუ რამე ნდობა არსებობს, იმიტომ, რომ ცრუს და ტყუილს არ ვამბობ, და ასეთი ნდობა ბევრ ადამიანთან მაქვს, მათ შორის, მთავრობის წევრებთან, ჩემი ურთიერთობაც ბატონ ბიძინასთან გახსნილია და არაფერი დახურული შიგნით არ არის, რაგბთან კავშირი ბატონ ბიძინას ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება და ასე შემდეგ, ამაში რას ვეძებთ?", - თქვა იოსებ ტყემალაძემ, "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
შეგახსენებთ, იოსებ ტყემალაძის არჩევა რაგბის კავშირის პრეზიდენტად მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად, რომლის კანდიდატურა რაგბის კავშირის პრეზიდენტად ორჯერ დაახარვეზა საჯარო რეესტრმა, ათასამდე მორაგბე შეიკრიბა. რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც დაშავდა "მთავარი არხის" ოპერატორი, ასევე, იყო შემთხვევა, როცა "ექსპო ჯორჯიასთან" თავშეყრილი გაურკვეველი ჯგუფის წარმომადგენლები "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაემუქრნენ.