იძულება, დაშინება და შანტაჟი - ბიძინა ივანიშვილის მეგობარი იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია.
არჩევნები ექსპო ჯორჯიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებით ჩატარდა, 2000-ზე მეტი პოლიციის თითქმის ყველა დანაყოფი იოსებ ტყემალაძის უსაფრთხოებას იცავდა. ბიძინა ივანიშვილის კანდიდატმა ქართული რაგბის მართვის უფლება მეორე ცდიდან მოიპოვა. იოსებ ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო.
"ექსპო ჯორჯიაში" გამართული პოლიტიკური არჩევნები ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩატარდა.
ყრილობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ვეტერან მორაგბეთა ნაწილი, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში პოლიციამ არ შეუშვა. ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებულები იყვნენ გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ძალადობის პროვოცირებას ცდილობდნენ და რომლებიც მორაგბეების თქმით, სპორტსმენები არ არიან.
დაპირისპირება ვეტერან ბორჯღალოსნებსა და სამთავრობო კანდიდატის მომხრეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დელეგატებსა და სამი თვის წინ არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
დაშავდა რამდენიმე მორაგბე, მათ შორის სიმონ მაისურაძე, რომელიც ბორჯღალოსნების მაისურით 7 წლის განმავლობაში თამაშობდა.
ტყემალაძემ ახალი გამგეობაც დაასახელა და მისი წევრობა ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს ილია ზედგინიძესაც შესთავაზა, თუმცა, ყოფილმა კაპიტანმა, უარი თქვა.