
"საქსტატის" ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (71.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ. აშშ დოლარი).
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 494.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით გაიზარდა და 369.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2021 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 94.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 52.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 50.0 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი) - ნათქვამია ინფორმაციაში.
"საქსტატის" ანგარიშით ვიგებთ, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 98.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 90.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 83.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი)“.