
დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, აგრარული ბაზრების უმეტესობა მთელი საქართველოს მასშტაბით დაკეტილია.
ვითარება გლდანის აგრარულ ბაზართან დღეს იმდენად დაიძაბა, რომ მოვაჭრეები იძულებულები გახდნენ ბოლო თეთრებით ნაყიდი პროდუქტი ნაგავში საკუთარი ხელით გადაეყარათ. პროდუქტის გაყიდვა მოვაჭრეებს მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ აუკრძალა. მათ გაფრთხილება მიიღეს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობის განახლების შემთხვევაში 3-3 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ვაჭრობის აკრძალვის გამო კი დაპირისპირება მოხდა მუნიციპალურ ინსპექციასთანაც.
ბაზარი, რომელიც 27 აპრილს უნდა გახსნილიყო ამ დრომდე დაკეტილია, მიზეზი კი მთავრობის მიერ დაწესებული რთული რეგულაციებია, რომლის შესრულება ადმინისტრაციას, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, წარმოუდგენლად მიაჩნია.
80 აგრარული ბაზრიდან ახლა მხოლოდ 24 მუშაობს. სავაჭრო ობიექტები იძულებულები არიან გაძვირებული საქონელი, უფრო ძვირად გაყიდონ.
ქუთაისის სასოფლო ბაზარში ბოსტნეული 100% ით გაძვირდა, ხილი 150-პროცენტით, ბურღულეულის ფასი კი 50%-ით არის გაზრდილი. ჩაკეტილ ქალაქში სოფლიდან გასაყიდი პროდუქტი ვერ შემოაქვთ, რის გამოც მოვაჭრეები იძულებულები არიან ძვირად იყიდონ და კიდევ უფრო მეტად გაყიდონ. ამის გამო ბაზარში მომხმარებელი აღარ დადის.
ფასები გაიზარდა ზუგდიდის ბაზარშიც. ერთი კილოგრამი კარტოფილის ფასი 3 ლარს აღწევს, ხახვის კი 4 ლარამდეა მომატებული. ბაზრები ცარიელია, რის გამოც, რთულ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეებს. პროდუქტი ყოველდღე უფუჭდებათ, ნაგავში ყრიან, თუმცა მიღებულ ზარალს ვერავინ უნაზღაურებს.
აგრარული ბაზრების დაკეტვის შემდეგ, საკვები პროდუქტების მონოპოლისტი, კომპანია ''ჯიბე'' იყო. სადისტრიბუციო კომპანია პროდუქტებს მარნეულში იაფად ყიდულობდა, შემდეგ კი ბევრად ძვირად ანაწილებდა. ახლა, ბაზრის გახსნის შემდეგ მარნეულელი ფერმერები კმაყოფილები არაინ, მათი პროდუქტი შესაბამის ფასში იყიდება. შესაბამისად, დარეგულირდა მოსავლის გასაყიდი ფასიც.
პროდუქტის გაყიდვაში უპირატესობა და მონოპოლია რომ არავის ექნება, ამის პირობას დებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ პროდუქტის ფასების ზრდა კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.