ხმაური ვაშლიჯვარში ბროწეულას ქუჩაზე - მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა კახა კალაძესთან შეხვედრას და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდა, თუმცა მათთან დღეს მერის ნაცვლად მისი მოადგილე მივიდა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივებმა ირაკლი ბენდელიანთან საუბარი არ ისურვეს.
,,მიწისძვრა, რომ მოხდეს ეს სახლი ნანგრევებად იქცევა, რა თქმა უნდა მეშინია, მეშინია ცოცხლად დამარხვის. აქ 800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს", - ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
ბენდელიანის მტკიცებით, საგანგაშო არაფერი ხდება და მერიას ევაკუაციის გეგმა აქვს, თუმცა როგორია ეს გეგმა ამაზე კონკრეტული პასუხი მას არ აქვს.
,,მხოლოდ მიწისძვრამ კი არა დიდი რაოდენობით წვიმამაც შესაძლოა გარკვეული კვალი დაატყოს ამ ყველაფერს, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიწისძვრის ან წვიმის დროს იქ საფრთხე არ გაიზრდება. ყველა სცენარისთვის ვართ მზად, ევაკუაციიდან დაწყებული.. ის, რომ სცენარი დეტალურად გავწეროთ, მგონი ახლა საინტერესო არ არის",- განმარტა ირაკლი ბენდელიანმა.
ყველა სცენარისთვის მზად ვართ - ეს განცხადება ბენდელიანმა დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზეც გააკეთა.