
"პროცესები შეიძლება წარიმართოს უმართავად", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, ლარის ყოველდღიურ გაუფასურებას.
მისი თქმით, ასეთი ლარის კურსი ქვეყნის არასწორი მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის შედეგია, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კი რეზერვების გამოყენება და ინტერვენციებია.
"მდგომარეობა არის ძალიან საგანგაშო. ამ წუთას ერთადერთი გამოსავალი არის ცეცხლის ჩაქრობა. ცეცხლი დაანთო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, მათ ყველა ბერკეტები მოიჭრეს თავისი უგუნური მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გამო. ერთადერთი გამოსავალი არის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები შეიძლება წარიმართოს უმართავად. ოპოზიციაზე გადაბრალება ესაა ერთი მხრივ უზნეო საქციელი, მეორე მხრივ, იმდენად ბრიყვი ჰგონიათ ხალხი, რომ სჯერათ ვინმე ამას დაიჯერებს. ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, რომლებიც უსმენს ხელისუფლებას და აბოლებენ თუ ატყუებენ, რომ რაც ახლა ხდება არის ოპოზიციის ბრალი", - ამბობს რომან გოცირიძე.
დილიდან ეროვნული ვალუტის კურსი ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 3.46 ლარამდე დაეცა. 1 დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში 3.48 ლარია, კომერციულ ბანკებში კი კიდევ უფრო მეტი.
სებ-ი ახალ კურსს 17 საათისთვის დაადგენს
ავტორი: ნინო გიგაური.