სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე, სადაც მერია მიწის ქვედა ზონას ჭრის და გააქვს, ზედა ზონასაც აღვიძებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამუშაოები სამომავლო დაკვირვებისა და მონიტორინგსაც ხელს შეუშლის.
"რისკების შეფასების დოკუმენტი უნდა ყოფილიყო ღია, სადაც გაწერილი იქნებოდა აღნიშნული სამუშაოები რა დადებით ეფექტს მოიტანს და რა შესაძლო უარყოფით განვითარებას. საფრთხე, რა თქმა უნდა ადგილზე შენარჩუნებულია, ეგ კი არა, შესაძლოა ვილაპარაკოთ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაზე, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე საფრთხისშემცველია ეს ფერდობი, რადგან თუ ხდება ქვედა ზონის მოჭრა, დადაბლება ან გატანა, ეს აღვიძებს ზედა ზონასაც, რომელიც ჩვენი მონაცემებით დინამიკაშია ოღონდ ძალიან ნელი გადაადგილება ახასიათებს", - თქვა ლაშა ხუციშვილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, რადგან ფერდიდან ქვები ცვივა.
უკვე მეორე დღეა ვაშლიჯვრის ფერდზე მერიის სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ გაურკვეველია რატომ მიიღო უწყებამ მსგავსი გადაწყვეტილება.