
უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ინვესტორები ქვეყნიდან გარბიან. ამ ფონზე ივანიშვილი დროს არ კარგავს - სოლოლაკის მაღლობის, შეკვეთილისა და აბასთუმნის შემდეგ მიზანში ახლა წყალტუბოა.
თუ რატომ გარბიან ქვეყნიდან ინვესტორები, ამის გამომწვევ მიზეზებზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საუბრობს. ფადი ასლი მთავარ საფრთხობელად სწორედ „ქართული ოცნების“ ლიდერს ასახელებს.
„დაბი ჯგუფს 250 მილიონი დოლარი უნდა დაებანდებინა, ისინიც წავიდნენ,იყო კიდევ ამერიკული კომპანია, რომელიც სვანეთში აპირებდა ოქროს მოპოვებას, ისინიც გააქციეს... ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, ამ ქვეყანაში არ შემოუშვას ინვესტორები, ახლა ის ერთადერთია და ყველა კონკურენტი ჩამოიშორა... ამ ქვეყნის ეკონომიკის ნომერ პირველი პრობლემა არის ოლიგარქი“, - ამბობს ფადი ასლი.
არაფორმალური მმართველობის კლანური სასამართლოსა და მთავრობის არაეფექტურ საქმიანობაზე მიუთითებენ სხვა მსხვილი ბიზნეს გაერთიანებებიც.
„მთავარს“ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ წყალტუბოს განვითარებისთვის დონორები საქართველოს მთავრობას კომპლექსური, გენერალური გეგმის მომზადებას ჯერ კიდევ 5 წლის წინ ურჩევდნენ. ახლა კი სამშენებლო მოედანი ბიძინა ივანიშვილს აქვს.