Facebook-მა "ქართულ მარშთან" დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი, 34 Facebook და 11 Instagram ანგარიში წაშალა. ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ აღმოაჩინა.
"პარტიის ოფიციალური გვერდები, ასევე, პოს TV-ის ოფიციალური ანგარიშები ერთად ავრცელებდნენ რაღაც კონკრეტულ ჯგუფებში მათ პოლიტიკურ კონტენტს. დაახლოებით, 120 000 ადამიანს ჰქონდა ამ გვერდებზე წვდომა და აქ მიმდინარეობდა ანტიდასავლური კამპანია.
სამწუხარო იყო დავით გარეჯის საკითხი, ეს ჯგუფები და გვერდები ეწეოდნენ ნეგატიური ემოციის გაღვივებას გარეჯზე და უფრო მეტი ადამაინის მობილიზებას. ასევე, იყო ჯგუფები, რომლებიც კოორდინაციას უწევდნენ ადამიანებს, და ეუბნებოდნენ, რომ მოდი ერთად დავარეპორტოთ დასავლური, ლიბერალური გვერდები", - თქვა ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა.
რაც შეეხება "ქართული მარშის" ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს, ის ამბობს, რომ ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია "ანგაჟირებული ორგანიზაციაა" და ისინი Facebook-ის წარმომადგენლებთან ერთად "დესპოტურ", "ტირანულ" ქმედებებს უწყობენ ხელს.
"ატლანტიკური საბჭო, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა არის ანგაჟირებული ორგანიზაცია, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რომელიც დაპირისპირებულია ქართულ მარშთან, როგორც ეროვნულ ძალასთან. ისინი ატყუებენ თავიანთ პარტნიორებს, აგრეთვე Facebook-ის ადმინისტრაციასაც, უგზავნიან დეზინფორმაციას რითიც იღებენ გრანტებს", - თქვა სანდრო ბრეგაძემ.