რუსეთზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება სახიფათოა - საერთაშორისო გამჭვირვალობა

გამოქვეყნდა:

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. მხოლოდ ტურიზმის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ფულადი გადმორიცხვების ხარჯზე, რუსეთი 1 ,700 მილიონის ბერკეტს ფლობს. ამ კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს. 

ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2012 წელს ეს ციფრი 2%-ს არ აღემატებოდა. ეს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდე თანხას შეადგენს.

აქედან გამომდინარე, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია პოლიტიკური მოტივებით ბაზრის დაკეტვა და ამ ფორმით ჩვენს ეკონომიკაზე ზემოქმედების მოხდენა, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ღვინის ემბნარგოს სახით გააკეთა. 

მონაცემები გაუარესებულია იმპორტის მიმართულებითაც. საქართველოს ხორბლის სასურსათო მარაგის 70%-ზე მეტი რუსეთიდან მოდის. კორონავირუსის პერიოდში, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეზღუდა და შესაბამისად, რუსეთზე დამოკიდებულება ამ კუთხითაც საშიშია. 

ყველაზე უფრო მძლავრი ბერკეტი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოზე ზეგავლენის მოსახდენად ახლაც იყენებს, ესაა რუსი ტურისტების რაოდენობა. ტურიზმის წილი საქარველოს ეკონომიკაში დაახლოებით 16%-ია. კორონამდე საქართველოში მილიონნახევარი რუსი ტურისტი შემოდიოდა. ეს ბერკეტი რუსეთმა უკვე გამოიყენა, როდესაც 20 ივნისის ამბების შემდეგ გარკვეული შეზრუდვები დააწესა საქართველოს მიმართულებით ფრენებზე და ეს მოცემულობა დღესაც გრძელდება. 

კვლევაში ნათქვამია, რომ არსებული ტენდენციით ეს დამოკიდებულება წლიდან წლამდე იზრდება და ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს რისკები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ახლავს თან. 

ეს ყველაფერი ჯამში საფრთხეს შეიცავს. ჩვენ ისტორიული გამოცდილებითაც ვიცით, რომ რუსეთი ამას ბოროტად იყენებს ხოლმე. იგივე, რაც გააკეთა შარშან ზაფხულში, როგორც კი ცოტა ურთიერთობა დაიძაბა, ფრენები აკრძალა, რაც დღემდე აკრძალულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დამოკიდებულება რუსეთზე ეკონომიკური შემცირდეს.

დღეს, პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველო კრიზისშია შესული, სწორედ ისეთი დროა, როცა ჩვენ შეგვიძლია ამ გარემოებებით მოვიგოთ და ჩვენი ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია ისე მოვახდინოთ, რომ როცა პანდემიური მდგომარეობა გადაივლის, ნაკლებ დამოკიდებული აღმოვჩნდეთ რუსეთზე, - ამბობს ბესიკ ნამჭავაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი. 

რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საფრთხეებზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აკვირდებიან და კრემლის პოზიციებს ითვალისწინებენ. 

დღეს არათუ სახიფათოა, არამედ პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ უსაფრთოხებას. მზარდი ტენდენცია 2013 წლიდან, რაც ჩვენ ვნახეთ, არის დიდი საფრთხის მატარებელი საქართველოს სუვერენიტეტის და ეკონომიკისთვისაც. რუსული ბაზარი არ არის ჩვეულებრივი ბაზარი, ეს არის კორუმპირებული, ტოტალიტარული ბაზარი, სადაც პროდუქცია ქრთამით და კორუფციით იკაფავს გზას. რუსეთი უდგება ამას როგორც პოლიტიკას და როგორც პოლიტიკურ ბერკეტს. 

ექსპერტთა მოსაზრებით, მზარდი დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში აუცილებლად გადაითარგმნება პოლიტიკურ კომპონენტში. გლობალური კრიზისის პირობებში კი რუსეთზე დამოკიდებულების რისკები კიდევ უფრო გაზრდილია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი