"დაუშვებელია კატეგორიული ტონი" - საპატრიარქო რიონის ხეობის მოვლენებს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

საპატრიარქო ბოლო დღეებში რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც მხარეებს საშუალება მიეცემათ დასვან კითხვები და მოისმინონ პასუხები.

საპატრიარქოს განცხადებით, დაუშვებელია სიტუაციის ესკალაცია და კატეგორიული ტონი, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას არ ტოვებს.

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას",-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობა ორადაა გაყოფილი, პოლიციამ გვიან ღამით გუმათჰესთან რკინის ჯებირები აღმართა. ადგილზე შეკრებილი რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს მუშტებს ურტყამენ და ცდილობენ პოლიციას დისკომფორტი ამ ფორმით შეუქმნან. 

აქტივისტებს პოლიცია ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს.

ამავე თემაზე:  რიონის ხეობაში გდდ-ს თანამშრომლები შეიყვანეს - მობილიზებულია სპეცტექნიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი