ხელისუფლების კიდევ ერთი ფუჭი დაპირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოსახლეობას კორონა კრიზისის დაწყებისას, 19 მარტს მისცა. ამ დაპირების მიხედვით, ეკონომიკური კრიზისის პარალელურად, დასახელდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 9 სახეობის პროდუქტი, რომელზეც ფასები არ უნდა გაძვირებულიყო.
ამ მიზნით, მმართველმა პარტიამ სუბსიდიაც კი გამოყო, მაგრამ კომპანიებს ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალება მისცა და იმპორტიორებმაც ამ სუბსიდიის გამოყენებაზე უარი თქვეს - ახლა, ყველა სახეობის პროდუქტზე, ხორბლისა და პურის გარდა, ფასები 5-10%-მდეა მომატებული.
საქართველოს მთავრობის სუბსიდირების პროგრამით, ერთი მხრივ, ხდებოდა ხორბლისა და პურის სუბსიდირება, მეორე ნაწილში კი უნდა მომხდარიყო შვიდი ძირითადი სასურსათო პროდუქტის სუბსიდირება. ამ შვიდ პროდუქტზე ფასები კი შემდეგნაირადაა გაზრდილი: შაქარი - 10,5%, ლობიო - 8,2%, წიწიბურა - 7%, მაკარონი - 5,7%, რძის ფხვნილი - 4,5%, ბრინჯი - 4,1% და ზეთი - 0,06%. ეს მოცემულობა აღებულია საქსტატის ოფიციალური მონაცემებიდან.
მოსახლეობის აზრით, შესაძლოა ფასების მატება უფრო დრამატული გახდეს.
რა ამ პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 10 მილიონი ლარი, რომლის სრულად ათვისება ვერ მოხდა. პროგრამა იყო ნებაყოფლობითი და იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების ნაწილმა წამგებიანად ჩათვალა მასში მონაწილეობა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს, რომ ფასები ნამდვილად მომატებულია, მაგრამ მათი თქმით, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ და იმედი აქვთ, რომ რამდენიმე სუბსიდირებული იმპორტიორის პროდუქცია კონკურენციაში შევა მაღალფასიან პროდუქციასთან, რაც ფასებს შეძლებისდაგვარად დაარეგულირებს.