რიონის ხეობის მცველების სამ პირობაზე პასუხი რამდენიმე დღეში გაირკვევა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში აღნიშნეს, რომ ჯერ კონსულტაციები უნდა გაიარონ.
რაც შეეხება ნამოხვანჰესის მშენებლობას. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხელისუფლება ჰიპოთეტურად მაინც, მართლაც უშვებს თუ არა ჰესის არაშენებას, როგორც ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
როგორც ლერი ბარნაბიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, ეს კითხვა პროტესტის მონაწილეების მხრიდან ჰიპოთეტურად დაისვა და მისი აზრია: "ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადების ინტერესებს, რა თქმა უნდა არ იქნება შესრულებული"- ამბობს ბარნაბიშვილი.
"არ უნდა აშენდეს, ან აუცილებლად უნდა აშენდეს, ამით დიალოგს არ ვიწყებთ" - ასე უპასუხა ამავე კითხვას სოზარ სუბარმა, რომელიც ერთ -ერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე.
შეხვედრიდან გამოსულმა სუბარმა აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, საჭირო და შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე, სადა უკვე უშუალოდ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებას "პუნქტ-პუნქტად გაივლიან".
სოზარ სუბარს ვარლამ გოლეთიანის გამოთქმა "წითელ ხაზებთან" დაკავშირებით არ მოეწონა და აღნიშნა - "შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ დიალოგს არ ვიწყებთ წითელი ხაზებით" - ამბობს სუბარი.
მისივე შეფასებით, ნამოხვანის პროექტის ხელშეკრულება ქვეყნისთვის საზიანო და კაბალური არ არის, როგორც ამას რიონის ხეობის მცველები თვლიან.
პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობიდან - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი მონაწილეობდნენ.
ამავე თემაზე:
3 საათიანი შეხვედრა და 3 პირობა - რაზე შეთანხმდნენ და რა შემთხვევაში გაგრძელდება დიალოგი?