ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკა“ მზადაა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.
საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „მწვანეები“, „განახლებადი ენერგიების ასოციაცია“ და სხვა.
„საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნება ხელახალი განხილვის მიზნით.
პრეზენტაცია მიმდინარე წლის 16 აპრილს, 16:30 საათზე, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.