საქართველოში უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზრდება. მწვავე ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში არსებულ ყოველ მეორე კომპანიას, უახლოეს მომავალში, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას აიძულებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მართალია, კონკრეტულ ციფრს ვერ ამბობენ, მაგრამ ცნობილია, რომ ყველაზე მეტად სამშენებლო სფეროში დასაქმებულები დაზარალდებიან.
ბიზნეს ასოციაციაში გამოქვეყნებული დასაქმების ბარომეტრი ბიზნესის საკმაოდ ნეგატიური მოლოდინებზე მიუთითებს. ბარომეტრის თანახმად, ყველაზე მეტად დაზარალდება მშენებლობის დარგი, მას მოსდევს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროები და შედარებით უკეთესი მოლოდინი აქვთ მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებს.
გამოკითხულ ბიზნესმენთა 47% ამბობს, რომ სამუშაო ადგილების შემცირებას მოელის. ეს შეფასება ხდება მიმდინარე სიტუაციისა და მოლოდინების შეფასებით. თუ მაგალითად, წლის ბოლოს სამშენებლო სექტორი ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი, როგორც დასაქმების, ისე ბიზნესის კლიმატის კუთხით, დღეს კი ის ძალიან ნეგატიურ მოლოდინებშია გადასული, - აცხადებს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებლის 4-ჯერ ზრდას პროგნოზირებენ რეფორმებზე მომუშავე ახალგაზრდა ეკონომისტებიც. გარკვეულ მომენტში მან შეიძლება 40%-საც კი მიაღწიოს. პრობლემის მასშტაბებს ირიბად ხელისუფლებაც აღიარებს, რომლის ანტიკრიზისულ გეგმაში გაკვრით ნახსენებია, რომ სამსახური უკვე დაკარგა 600 000-მდე ადამიანმა.
სამუშაო ადგილების დაკარგვასთან დაკავშირებით შეგვიძლია პირდაპირ ანტიკრიზისულ გეგმას შევხედოთ. მთავრობა საუბრობდა 350 000 ადამიანზე, რომლებიც დაქირავებით იყვნენ დასაქმებული და სამსახურს დაკარგავდნენ და 250 ათას თვითდასაქმებულზე, მათ მხოლოდ ნაწილზე, რაც უსამართლობაა. ეს ნიშნავს, რომ უმუშევართა რაოდენობა მოიმატებს 600,000 ადამიანით. ანუ უმუშევრობა11%-დან 40%-მდე გაიზრდება, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
კრიზისი, რონელშიც ახლა ყველა ვიმუოფებით< ძალიან დიდია და შეიძლება ეს მომავალი თვეების განმავლობაშიც გაგრძელდეს. ეკონომისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რადგან კრიზისის შედეგების აღმოფხვრის პერიოდის პროგნოზირება ძალიან რთულია.