
საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება ოკუპანტ ქვეყანაზე. ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ზეთის მარაგი რუსეთიდან უნდა შეივსოს. დავალების შესრულება მმართველმა პარტიამ მის მხარდამჭერ და შემომწირველ ბიზნესმენს დაავალა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ერთი მილიონი დოლარიც გადასცა.
ექსპერტები და ოპონენტი პოლიტიკოსები ამ გადაწყვეტილებას ერთხმად აკრიტიკებენ და კორუფციულ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზეც საუბრობენ.
ქართული ოცნებისადმი ნეიტრალურად განწყობილმა ბიზნესმენმა, კომპანია "მზიურის" სამოთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა მმართველ გუნდს 80 ათასი ლარი შესწირა. კომპანია მზიურის კიდევ ერთმა წევრმა შოთა ბასილაშვილმაც ქართულ ოცნებას 80 ათასი ლარი შესწირა. 2018 წლის შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" რამიშვილსაც და ბასილაშვილსაც სათანადოდ დაუფასა და მათ კომპანიას მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
კონტრაქტის ღირებულება არის 1.400 ათასი დოლარი. პანდემიის პირობებში ქართული ხელისუფლება თავის ზრახვებს, რომლებიც უნდა რომ განახორციელოს, რუსეთთან ქართული ეკონომიკის მიბმა და მასთან აფილირებული ბიზნესმენების გამდიდრება, წარმატებით აკეთებს. თანაც გაურკვეველია, ვის მოხმარდება ეს ზეთი, - ამბობს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ დონაძე.
მთავრობის დავალებით, კომპანია "მზიურმა" ქვეყანაში ზეთის მარაგი უნდა შექმნას. ეს ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით მეშვეობით დაიდო.
რუსული ზეთით ქვეყნის მარაგების შევსებასა და ბიუჯეტის ფულის გახარჯვას არასწორ ნაბიჯად აფასებენ პოლიტიკოსებიც. მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ხელისუფლება პანდემიას სათავისოდ იყენებს.
ამ მომენტშიც კი ხელისუფლება არის შერჩევითი. დაფინანსებას აძლევს კომპანიებს, რომლებიც ან მაგის ნათესავები არიან ან მისი შემომწირველები. ისევ იკვრება მანკიერი, კორუფციული წრე, რომელსაც თითქოს ყველა საკითხში ვაწყდებით, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.
ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ტიპის შესყიდვებში სახელმწიფოებრივი საფრთხე იმალება. გაეროს რეკომენდაცია, ქვეყანაში მარაგები შეექმნათ, საქართველოს ხელისუფლებამ არასწორად გაიგო და ნაცვლად იმისა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის მარაგი კერძო სექტორის ხელშეწყობით შეექმნა, ამის გაკეთება სახელწმიფო სტრუქტურებს ბიუჯეტის ფულით დაავალა.
მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტი იყოს გამოყენებული რაღაც გარკვეული პროდუქტების შეძენაზე, რომელიც პირდაპირ რუსეთშია წარმოებული და ეს ფული მიედინებოდეს რუსულ ეკონომიკაში. რეკომენდებულია, რომ სახელმწიფოში მუდმივად არსებობდეს საერთო მოხმარების მარაგის 12%, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას სახელმწიფო აკეთებდეს, - ამბობს პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.
რატომ იყიდა რუსული ზეთი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმ კომპანიის დახმარებით, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველია - ამაზე მმართველ გუნდში პასუხები არ აქვთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
კომპანია "მზიურში გვეუბნებიან, რომ რუსული დასახელების ზეთი ქართულ ბაზარზე ივნისის დასაწყისში გამოჩნდება. მათი განცხადებით, მილიონ დოლარიანი კონტრაქტის გაფორმებასა და კომპანიის მენეჯმენტის მმართველ გუნდთან სიახლოვეს არაფერი აკავშირებს.
ავტორი: ნანი სისვაძე.