ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაპირისპირებაა. მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ჩავიდა, სადაც წირვის ჩასატარებლად არ შეუშვეს. დაპირისპირებას მეუფე სტეფანემ ტრადიციულად - გალობით უპასუხა.
მოგვიანებით მან ერთ-ერთ სასულიერო პირს უთხრა, რომ "ამ წუთიდან წინამძღვრობიდან გადაყენებულია", რაზეც პასუხად მიიღო - "შენი გადაყენებული შენ გქონდეს".
"არ გაგიღებ, თქვენ არ ხართ ღირსი იქ შესვლის...ჩემი საკითხია ზუსტად. ხარ უკანონო, ხარ მატყუარა, ხარ აღსარების გამცემი, ხარ ცილისმწამებელი, ეს სამივე არის უდიდესი დანაშაული, ამაზე პასუხს გამცემ, ჩემი ხელით მიგაბრძანებ თუ ამას დამიმტკიცებ", - უთხრა ეკლესიის ყოფილმა წინამძღვარმა, მამა დანიელმა მეუფე სტეფანეს.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვას მანამდე არ ჩააატრებინებენ, სანამ სიმართლეს არ იტყვის და არ დაამტკიცებს ბრალდებებს. ისინი ეპარქიული კრების ჩატარებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა. მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს. მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.
ავტორი: ნანიკო სისვიძე.