სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დღეს წირვა მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა, მრევლი იქ სხვადასხვა რეგიონიდან ჩაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდასაჭერად მრევლის მობილიზებას, ბიზნესმენები კლიმენტი კეკუტია და ლაშა პაპაშვილი უზრუნველყოფენ.
სწორედ, ეს ორი ადამიანი იყო ტაძარში გუშინ სალხინოში განვითარებული პროცესების დროსაც. ორივე მათგანი უარყოფს კავშირს გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.
"დასავლეთ საქართველოში ვიყავი, ზუგდიდში, ჩამოვედი, რომ უბრალოდ მოგველოცა, ეს იყო სულ არანაირ კავშირში არააა არაფერთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ძმები ჩვენი, მამები, შეინანებენ ჩვენი მეუფე დაიყენებს გვერდით მათ და პატრიარქიც მოეფერება", - ამბობს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ლაშა პაპაშვილი.
რაც შეეხება კლიმენტი კეკუტიას, ის "მთავარი არხის" გამოჩენამ გააღიზიანა:
"თავი დამანებე ქალბატონო ახლა მე შენ, ვიღაც გორსალებში არ შეგეშალო, რა საქმე მაქვს მე ვიღაც მამაოებთან, ჩემი საქმე მაქვს მე, ჩემი სალოცავი, ვლოცულობ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობის მორჩილი ვარ და არავითარ სატანა პეტრე ცაავებთან, სატანებთან და ჯიბგირებთან არ მაქვს საქმე. თავი დაგვანებეთ, ჩვენი მღვდელმთავარი გამოიგზავნა ჩვენი სინოდის განჩინებით და უწმინდესის კურთხევით და მაგათ ლოცვებზე არ გვიშვებს ვიღაც სექტა... მეუფე სტეფანეს მხარეს როგორ ვარ მე? სადაც ღმერთია იმ მხარეს ვარ... რა ხალხი, ვიღაც ჩიჩია ხალხს ნუ მეუბნები ნორმალური მითხარი ვინმე... თავი დამანებე თორე ჯოხით გაგადებ აქედან", - ამბობს კლიმენტი კეკუტია.
ჭყონდიდში, სალხინოს ტაძრის მრევლმა ღამე ეზოში გაათენა, მიზეზი კი მუქარაა, რომელიც მეუფე სტეფანეს მხარდამჭერებისა და ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიასგან მიიღეს, რომ ისინი მოკრივეებთან ერთად დაბრუნდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ თუ იღუმენი დანიელი და სხვა სასულიერო პირები საჯაროდ არ მოინანიებენ ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებს, მათაც განკვეთავს.
ავტორი: ემა გოგოხია