თითქმის 300 დღეა, ზაზა გახელაძე ოკუპანტების უკანონო ტყვეობაშია, მის გასათავისუფლებლად კი რაიმე ქმედით ნაბიჯებს ამ დრომდე ვერ ვხედავთ. არადა, ამ დროს ხელისუფლება უპირობოდ ათავისუფლებს რუს ოკუპანტებს, რომლებიც პერიოდულად რეიდებს აწყობენ მათ მიერვე აღმართული ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს და საქართველოს მოქალაქეებს ლამის სახლში უვარდებიან.
გახელაძეების ოჯახისთვის წამებისა და წუთების თვლა ჩვევად იქცა. ყოველ საღამოს, ისე როგორც მის გატაცებამდე, მთელი ოჯახი ზაზას შინ დაბრუნებას ელოდება. იციან, რომ ცხინვალის ე.წ სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ ყოველ წუთს მაინც მისი გამოჩენის იმედი აქვთ. ლოდინი უშედეგოა -
ზაზა 293-ე დღეა სახლში არ დაბრუნებულა.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ზაზამ რუს სამხედროებს სანადირო იარაღიდან 3-ჯერ ესროლა და ოკუპანტებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ზაზა ფეხში დაიჭრა. დააკავეს და 2021 წლის 5 თებერვალს სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 12 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
იხილეთ ასევე:
ქეთა ციცქიშვილის რეპორტაჟი - "მიტოვებული პატიმარი"