კომენდანტის საათი, როგორც უცვლელი შეზღუდვა | დავითვალეთ დღეები 9 ნოემბრიდან

გამოქვეყნდა:

უკვე 172 დღეა, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლები და ინფექციონისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა, ის ძალაში ექვსი თვის წინ შევიდა. 

ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადებული იყო მანამდეც, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, როცა ქვეყანაში კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ის 53 დღე გაგრძელდა - მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 23 მაისს მოიხსნა. 

ვირუსის მეორე ტალღის დროს კი მთავრობამ ე.წ კომენდანტის საათი კიდევ ერთხელ დააწესა - განმარტავდნენ, რომ ეს გადაადგილების შეზღუდვა იყო, რადგან კომენდანტის დაწესების უფლება მათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში აქვთ. 

"ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა 2020 წლის 7 ნოემბერს დაწესდა და ძალაში 9 ნოემბერს შევიდა. მაშინ კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს შეეხო. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ. მთავრობამ
გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურის დროს დაუშვა, როცა შეზღუდვა ორი ღამით გაუქმდა.

არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და "კომენდანტი" ერთი საათით გადმოწია - გარეთ გასვლა მოქალაქეებს უკვე 21:00 საათიდან აეკრძალა. ამის შემდეგ, გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოხსნა. კომენდანტი "მოიხსნა" საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც. თუმცა, მაშინ ეს "შემსუბუქება" მხოლოდ ბილეთების მფლობელებზე გავრცელდა.

აღდგომის ღამეს კი მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი არ გააუქმა - დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე მოქმედებდა.

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, არავინ იცის - შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა ამაოდ. 

საქართველოს მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი