ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირების მხრიდან "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას მედიამენეჯერები აფასებენ. ამბობენ, რომ მომხდარი ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული.
"ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია ამბობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას ყოფს და მათ მიმართ, ვინც მმართველი გუნდის პოლიტიკას არ ეთანხმება, ძალადობას ახალისებს.
ის, რაც დავით გარეჯის ტერიტორიაზე მოხდა, არის გაგრძელება, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ.
როდესაც ხელისუფლებამ მედიას მიულოცა პროფესიული დღე, ცოტა გაგვეცინა, აბსოლუტური ფარსი იყო ეს თავიდან ბოლომდე. ჟურნალისტები მუშაობენ უმძიმეს პირობებში. ხელისუფლების მხრიდან წახალისებულია და ეს შემდგომ პირდაპირ ფიზიკურ ძალადობაში გადმოიღვრება.
ხელისუფლება საზოგადოების პოლარიზებას აკეთებს და ვინც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება, ყველას მიმართ წახალისებულია ძალადობა,- თქვა ვახო სანაიამ.
მედიამენეჯერები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმას სათანადოდ არც ახლა გამოიძიებენ და დამნაშავეებს არ დასჯიან.
"მთავარი არხისა და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ თავდასხმა ძალიან სამწუხაროა და ცალსახად ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის და დაუსჯელობის ბრალია. წახალისებულია ამ რიტორიკის შედეგად.
არ მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში მაინც იქნება რამე გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი", - ამბობს ეკა მიშველაძე.
გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.