
გაფიცვაა ოზურგეთშიც, პურპროდუქტების და პურის ფქვილის მწარმოებელ წისქვილკომბინატში. საწარმოს 20-ზე მეტი მუშა მესამე დღეა, ადმინისტრაციისგან ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
კომპანია "გურია ექსპრესის" ხელმძღვანელობა კი ანაზღაურების გაზრდის კატეგორიული წინააღმდეგია და გაფიცულ თანამშრომლებს მხოლოდ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება.
"პირველ რიგში მოვითხოვთ, ხელფასების მომატებას, პირობების გაუმჯობესებას. თუ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები გავაგრძელებთ მუშაობას, თუ არადა გაგრძელდება პროტესტი. ადმინიტრაციის მხრიდან პირობების გაუმჯობესებაზე იყო საუბარი, მაგრამ ხელფასების გაზრდაზე კატეგორიული უარი გვითხრეს", - ამბობს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი.
კომპანიის იურისტის თქმით, მიმდინარეობს პროცედურები, რომ მოხდეს შეთანხმება ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის. თუმცა, ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არაა. მისივე თქმით, ხელფასის გაზრდის გარდა ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.