
163 მილიონი ლარი დანამატი და 5 მილიონი ლარი ჯილდო - კოლოსალური თანხა ჩინოვნიკებმა მხოლოდ 2019 წლის 9 თვეში მიიღეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მადა წელს კიდევ უფრო გაიზარდა, დანამატებსა და ჯილდოებში შარშანდელთან შედარებით 20 მილიონი ლარით მეტი დახარჯეს.
დანამატებით და ჯილდოებით რეკორდსმენია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ უწყების თანამშრომლებს გიორგი გახარიამ ცხრა თვეში ხელფასზე ზევიდან 65 მილიონი ლარი დაუმატა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ თანხამ პიკს 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ გაცემული დანამატების გამო მიაღწია. სასტიკი დარბევის მონაწილეებს გახარიამ სოლიდური ფულადი ჯილდოები დაურიგა.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ დანამატი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ხელფასის 20%-ს. აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიდან კი დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონი დაარღვია და დანამატებს ყოველთვიურად გასცემდა. კოლოსალურ ჯილდოებში პრობლემას ვერ ხედავს „ქართული ოცნება“, მისივე გუნდის წევრებისთვის გადახდილი ხალხის ფული ივანიშვილის პარტიის წევრებისთვის პრობლემა არ არის.
მაშინ, როდესაც ქვეყანა სოციალური კრიზისის ზღვარზეა, დანამატსა და ჯილდოზე ფულის ხარჯვას არც სხვა სახელმწიფო უწყებები ერიდებიან. ფინანსთა სამინისტომ ორ მილიონზე მეტი, დევნილთა სამინისტრომ 3 მილიონი, დახარჯა.
100 ათასი დაუჯდა ბიუჯეტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრემიები, 170 ათასი გაიხარჯა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლების წახალისებაზე. მილიონები იხარჯება მივლინებებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ უშტატო თანამშრომლებზე.