კომპანია IDS ბორჯომი ქარხნების მუშაობას აჩერებს. ამის მიზეზად პროფკავშირების აქტივისტების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან არიდებას ასახელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ გაფიცულების მხრიდან სატვირთო და სატრანსპორტო საშუალებების ბლოკირება უკანონოდ ხდება, რაც საფრთხეს უქმნის თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებსა და თავად გაფიცულებს.
კომპანია აცხადებს, რომ სრული მზადყოფნა აქვთ ნებისმიერ დროს განაახლონ ქარხნების მუშაობა, თუმცა ამას მაშინ გააკეთებენ, როცა "მსგავსი ტიპის" უკანონო ქმედებები შეწყდება.
"აქციის მსვლელობისას, ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ქარხნებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდებას. როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას", - წერია კომპანიის განცხადებაში.
მათი მტკიცებით, ბოლო დღეებში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი.
ცნობისთვის, "ბორჯომის" ქარხნების თანამშრომლები გუშინ, 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.