ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე და მისი განუყრელი მეუღლე, მარიამ მაყაშვილი 100 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ - მათ ერთად დატოვეს სამშობლო საბჭოთა ოკუპაციის გამო და ახლაც ერთად, ერთ კუბოში ჩასვენებულები ჩამოვიდნენ უკან. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენას, მაგრამ სიცოცხლეში ამას ვეღარ მოესწრო. ქვეყნიდან სამ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად წავიდა და მათ სარჩენად უმძიმესი წლები გაიარა - ემიგრაციაში მყოფი გენერალი, ველოსიპედით ქუჩა-ქუჩა დადიოდა და ყიდდა მაწონს, რომელსაც თვითონვე ამზადებდა ოჯახში.
საფრანგეთიდან ჩამოსვენებული წინაპრების ნეშტი თბილისში შვილიშვილებმა ჩამოაცილეს, მათ შორისაა მსახიობი მარიამ დაბოც, რომელმაც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაში შესრულებული როლით გაითქვა სახელი.
ეს იყო გენერალი, ვისზეც გიჟდებოდნენ ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები, 1919 წელს ქართული სამხედრო სკოლა შექმნა. ახალი სულისკვეთების ოფიცრების აღზრდა იყო მისი მიზანი. ქართველი ოფიცრის ახალი ტიპი უნდა შეექმნა. რა სულისკვეთებაც ჩაიდო ამ სასწავლებელში, კარგად გამოჩნდა 1921 წლის ომში, როდესაც იუნკერებმა და ნაცვალთა სკოლის კურსანტებმა როგორ გამორჩეულად იბრძოლეს. 1921 წლის მარტში გენერალმა ოჯახთან ერთად სამშობლო დატოვა და საფრანგეთს შეაფარა თავი. პარიზში ცხოვრება ძვირი სიამოვნება იყო. გენერალი ბედს მიენდო, მატარებელში ჩაჯდა და ბოლომდე გაყვა. ბოლო გაჩერება - შატუ. იქ დასახლდა. წინ კიდევ ერთი ბრძოლა ჰქონდა მოსაგები. მეუღლე და სამი ქალიშვილი უნდა ერჩინა.
ეროვნული გმირს ნანატრ მიწას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ. 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმნიდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
იხილეთ ასევე:
ანა ასათიანის სიუჟეტი - "დაბრუნება 100 წლის შემდეგ"