ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია საქართველოს მოსახლეობისგან 5 მილიარდ ლარს მიიღებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინეტერესებს ამჯერად რაჭის უნიკალური ბუნება ეწირება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რაჭაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას იწყებს. 

ასობით ათასი კვადრატული მეტრი გაჩეხილი ტყე, მდინარე რიონი, რომლის ნაწილიც მიწის ქვეშ გადავა, დატბორილი ხეობა და გასახლებული სოფლები, რაჭის შეცვლილი გეოგრაფია და დანგრეული ეკოსისტემა - ფასი, რომელსაც ქვეყანა ოლიგარქის ბიზნეს ინტერესებისთვის გადაიხდის.  

სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმის თანახმად, წლების განმავლობაში გამომუშავებულ ენერგიას მთავრობა სრულად შეისყიდის, შესაბამისად კომპანიის რისკები სრულად დაზღვეულია. 

"ონის კასკადთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ერთ კილოვატ საათში ივანიშვილს 6.65 დოლარ/ცენტს გადაუხდის. შეთანხმების მიხედვით კი, ტარიფი ყოველ წელს 3.5% გაიზრდება და 20 წლის თავზე ტარიფი 13 ცენტს, ანუ დღევანდელი კურსით,  კილოვატ/საათზე 42 თეთრს გადააჭარბებს. ჯამური თანხა, რომელსაც ამ წლების განმავლობაში კომპანია ონის კასკადი და მისი ფაქტობრივი მფლობელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობისგან მიიღებენ, არის 1 550 000 000 დოლარი.  

საინვესტიციო ღირებულება, როგორც პროექტშია გაწერილი, შეადგენს 185 მილიონ აშშ დოლარს. პრაქტიკულად, 5 წელიწადში კი კომპანია ამ თანხას საკმაოდ დიდი სხვაობით იღებს, უხეში დათვლებით, მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს ის 20 წლის განმავლობაში, - ამბობს "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. 

ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ტარიფები მაღალია და ამბობს, რომ  საბოლოო ნებართვის მიღებამდე ეს საკითხი შეიძლება შეიცვალოს. 

მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელშიც არა მხოლოდ ესკალაცია მცირდება, არამედ ტარიფიც მცირდება. ეს მოლაპარაკება გვაქვს ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან. ნებართვის გაცემის წინაპირობა არის ტარიფზე შეთანხმება, - ამბობს ონის კასკადის ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახალი ჰიდროსადგურები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. 

ონის კასკადის თანამშრომლები დარწმუნებული არიან, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებას მალე დაასრულებენ და მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი