
იუსტიციის სამინისტროს 2019 წლით დათარიღებული წერილი შესაძლოა, მხოლოდ ერთ-ერთი იყოს იმ სადავო დოკუმენტებს შორის, რომელიც "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ხელისუფლების მიკერძოებულ და არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას ამხელს.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ყველა იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს. რომელიც "ნამახვანჰესს" უკავშირდება და რომელსაც მთავრობა დღემდე ასაიდუმლოებს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ გასაჯაროვდეს სამი მთავრი დოკუმენტი: მთავრობის განკარგულება, რომელიც კონტრაქტის გაფორმებამდე 2 დღით ადრე გამოიცა, ფინანსთა სამინიტროს დასკვნა, ასევე, ხარჯთაღრიცვიანობისა და ხარჯთსარგებლიანობის დოკუმენტი.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მთავრობამ კაბალურ ხელშეკრულებას ხელი საკუთარი ნებით მოაწერა, რის გამოც აუცილებელია კონკრეტული პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
"იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები ხელშეკრულების ხელმოწერის დროს გათვალისწინებული არ ყოფილა. რაც ნიშნავს, რომ სამართლებრივი და ფისკალური რისკები ხელშეკრულების ნაწილი გახდა და დღეს ის ჩვენი, როგორც ქვეყნის პასუხისმგებლობაა... ეს დასკვნა არის მტკიცებულება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მთავრობა მოჩვენებით პროცესშია შესული, თითქოს, გარკვეული ტიპის მცდელობები მიდის შეფასების პროცესში. მან დამალა და იცოდა ის ფაქტი, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს ხელშეკრულება ასე მწვავედ და კრიტიკულად 2 წლის წინ ჰქონდა შეფასებული",- ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე.
"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" იუსტიციის სამინსიტროს კრიტიკულ დასკვნასთან დაკავშირებით გუშინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ სამინისტროს მიერ მომზადებულ კრიტიკულ დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იყო.
ამავე თემაზე:
იუსტიციის სამინისტროს დამალული დასკვნა - რა წერია ნამახვანჰესის კრიტიკულ დოკუმენტში