პირველი ივნისიდან ბუნებრივი აირი 8 თეთრით მოიმატებს. მოსახლეობას 1 კუბურ მეტრ გაზში თითქმის 54 თეთრი ექნება გადასახდელი.
ახალი ტარიფი უცვლელად 2022 წლის ბოლომდე იმუშავებს, წელიწადნახევრის შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ დოლარის გაძვირების ფონზე გაზის ფასმა კიდევ მოიმატოს.
დღეს დავით ნარმანიამ ტარიფის გაზრდის შემდეგ განაცხადა რომ ფასის მომატება გაზის კომპანიას ფინანსურად დაეხმარება, თუმცა დაავიწყდა რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის გაძვირება მძიმე ტვირთი იქნება. სემეკის სხდომაზე გაზის გაძვირებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ფასი "თბილისის ენერჯის" მოთხოვნით გაიზარდა. გაზის კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას ამ მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა და განუცხადა რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო კომპანიამ 25 მილიონამდე ზარალი ნახა, რის გამოც ტარიფის გაზრდა მოსთხოვა. მსჯელობა სემეკში დღეს კომპანიის სასარგებლოდ დასრულდა.
ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ რომ ღარიბი ოჯახების რაოდენობა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაიზრდება. ისინი "სემეკისა" და "თბილისი ენერჯის" შორის შეთანხმებულ მუშაობაში, საეჭვო გარემოებებს ხედავენ, რის გამოც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.