ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.
აღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაჟღერება/გაშუქება განხორციელდეს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით.
ამჟამად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. ადგილზე ჩართული სპეციალისტები უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამუშაო პროცესს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით.
საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჯგუფი ეტაპობრივად ფართოვდება”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ვიდეოჩანაწერები დღეს თავად მეუფე სპირიდონმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, გასაუბრება ბენეფიციარებთან, ისე, რომ არც ერთი არასრულწლოვნის სახე დაფარული არაა. გარდა ამისა, სხალთელი მიტროპოლიტი ბავშვების და სოცმუშაკების თანდასწრებით ურეკავს ბავშვების მშობლებს და ეკითხება თანახმა არიან თუ არა ბავშვთა სახლიდან წაიყვანონ მოზარდები.
ამით სასულიერო პირი ცდილობს აჩვენოს რომ თავშესაფარში ყველაფერი კარგად არის.