"ეს უცნაური შემთხვევაა, სწორედ ამიტომაც ვიყავით აქ" - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გუშინ, სხალთელი ეპისკოპოსის სპირიდონის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებს შეეხებოდა.
დღეს, ნინოწმინდის პანსიონში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათი თქმით, "შეთანხმება შედგა" და ნინოწმინდის პანსიონში სოც.მუშაკები დარჩებიან, რათა ბავშვთა უფლებების დაცვა უზრუნველყონ. "ოცნება" ამბობს, რომ "სოც.მუშაკების მუშაობა ამ გარემოებებს ჩააცხრობსა და ისინიც მშვიდად იქნებიან". მათივე თქმით, სოც.მუშაკების პანსიონში დარჩენის მიზანი "საზოგადოების ყველა კითხვაზე პასუხისგაცემაა".
თუმცა, ჩნდება კითხვა, როგორ უზრუნველყოფენ სოც.მუშაკები ბავშების უფლებების დაცვას, მაშინ, როდესაც მეუფე სპირიდონს წინააღმდეგობას ვერ უწევენ, რაც ცხადად ჩანდა გუშინ გავრცელებულ კადრებში.
ამაზე შალვა პაპუაშვილს პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ ეს "უცნაური შემთხვევაა":
"ეს უცნაური შემთხვევაა, სწორედ ამიტომაც ვიყავით აქ. ამაზე გქვონდა საუბარი. გარანტორი არის სახელმწიფო და კანონი. სოც.მუშაკები ამ შემთხვევაში წარმოადგენენ კანონს, სწორედ ამ კომპეტენციის ფარგლებში იმყოფებიან აქ. მთავარი არის ორი რამ, პირველი - ამ ბავშვების უფლებები იყოს დაცული და მეორე - საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებები დაცული არაა. დღეს, ეს ორი საკითხი სრულად გარანტირებულია", - ამბობს პაპუაშვილი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ "შეთანხმება" მიღწეულია, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველსა და მედიას კვლავ არ შეუშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის კონსტიტუციური უფლებაა პანსიონში მონიტორინგი განახორციელოს.
გარდა ამისა, ნინოწმინდის პანისონში, სოც.მუშაკებს აქამდეც უშვებდნენ, თუმცა მათ არ აღუწერიათ არცერთი ის შემთხვევა, რაც ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა.
როდის დადებენ სოც.მუშაკები დასკვნას, ჯერჯერობით უცნობია.
ამავე თემაზე: