რიონის ხეობაში არსებული ვითარებით, ევროკავშირი დაინტერესდა. ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ხელისუფლებამ მოიწვია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გაერთიანება პროცესებში ჩართვამდე, სწორედ იმ პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს, რასაც რიონის ხეობის მცველები დიალოგის დასაწყებად მოითხოვდნენ.
ეს პირობებია: გუმათში ბარიკადების აღება, ხეობიდან პოლიციის გაყვანა და დროებით სამუშაოების შეწყვეტა.
თავად რიონის ხეობის მცველები მიიჩნევენ, რომ მედიაციის პროცესი მედიისთვის ღია უნდა იყოს.
დღეს პროტესტის 223-ე დღეა. რიონის ხეობის მცველები პერიმეტრს მთლიანად აკონტროლებენ და "ენკას" ჰესის სამუშაოების ადგილას, საწვავის შეტანის საშუალება არ აქვს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ინციდენტიც მოხდა. შსს-ს წარმომადგენლების დახმარებით საწვავის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც პროტესტის მონაწილეებმა არ მისცეს.
ხვალიდან, რიონის ხეობის მცველები გუმათიდან ქუთაისში, "ენკას" ოფისთან გადანაცვლებას გეგმავენ და უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.