ცარიელი ქუჩები, დახურული კაფეები, დაკეტილი მაღაზიები და აუტანელი სიჩუმე - თბილისის ტურისტული უბნები მესამე თვეა მოჩვენებების ქალაქს გავს. ამ აპოკალიპტური სურათის შეცვლას კი შესაძლოა, წლები დასჭირდეს. საქართველოს საზღვრებს უცხოელი ვიზიტორებისთვის ხელისუფლება ივლისში გახსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონი უკვე განწირულია.
შემოდგომაზე მეცნიერები ვირუსის მეორე ტალღას ელოდებიან, საერთაშორისო ვიზიტორების დიდი ნაწილი მოგზაურობაზე დროებით საერთოდ უარს ამობს. ყველაზე რეალისტური სცენარით სიცოცხლე ტურიზმის ბიზნესში მომავალი წლის გაზაფხულამდე არ დაბრუდნება. არადა, ეს სფერო მილიონამდე ადამიანისთვის ქმნიდა სამუშაო ადგილს, ბევრი მათგანისთვის ერთადერთსაც კი.
კრიზისი რომ მხოლოდ ახლა იწყება, კარგად ჩანს თბილისის სავაჭრო ცენტრებსა და კომერციულ ქუჩებზე - მართალია ორთვიანი პაუზის შემდეგ სავაჭრო ობიექტების ნაწილი გაიხსნა, მაგრამ ბევრი მათგანი ან უკვე დაიხურა, ან საქმიანობის მაშტაბებს ამცირებს. მათ შორის 20%-ით შეკვეცავს თანამშრომლების რაოდენობას ICR ჯგუფიც. საქართველოში ყველაზე მსხვილი საცალო გაყიდვების კორპორაცია დახურავს ყოველ მეხუთე სავაჭრო ობიექტსაც. როგორც კახა ხაზარაძე ამბობს, წელს მოგებას არავინ ელოდება, მთავარი ახლა მომავლ წლამდე გაძლებაა. თუმცა წვრილებს ამისი ფუფუნებაც არ აქვთ და საერთოდ გაქრობა მოუწევთ.
სამუშაო ადგილების შემცირება რომ გარდაუვალი იქნება - ადასტურებს ბიზნეს ასოციაციების გაერთიანების მიერ გამოთვლილი დასაქმების ბარომეტრი. ამ ინდიკატორის მიხედვით, რომელიც მარტის მონაცემებს ეყრდნობა, ყოველი მეორე კომპანია, გამოკითხულთა 47%, მომდევნო თვეების განმავლობაში სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავდა, ზოგი მეტით, ზოგი ნაკლებით.
ყველაზე რთული მდგომარეობა კი სამშენებლო სფეროშია, გამოკითხულ მშენებელთა 80% თანამშრომლების შემცირებას პროგნოზირებდა. სავარუდოა, რომ მაისის მონაცემებით სურათი კიდევ უფრო დამძიმდა. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, წლევანდელი წელი კიდევ სხვა ფაქტორების გამოც იქნება ბიზნესისთვის რთული.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის გათვლებით, წელს საქართველოს ეკონომიკას 19 მილიარდ ლარამდე თანხა დააკლდება, ანუ თითოეული მოქალაქე საშუალოდ 5000 ლარს იზარალებს. ამის საკომპენსაციოდ კი მთავრობა ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილ ან რამდენიმე ასეულ ლარს სთავაზობს, ან საერთოდ არაფერს.
კიდევ უფრო გაიზარდა სიღარიბე, ასობით ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა - ქვეყანა დღეს ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. გამოსავლის პოვნის ნაცვლად კი ხელისუფლება ცდილობს ვითარებას მის სასარგებლოდ გამოიყენოს, რაც შეიძლება დიდხანს გამოკეტოს ოპოზცია სახლში და მშიერი ადამინების ხმების ყიდვას მიზერული ოდენობის შემწეობით გეგმავს.